სიახლეები
"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა
22 August, 2022 by Georgian School
2022 ფისკალურ წელს იაპონიის საგარეო საქმეთა...
სიახლეების არქივი
კალენდარი
სამხატვრო სექტორი
სამხატვრო სექტორის ძირითად მიზანს მოსწავლის შესაძლებლობების სრული რეალიზაცია წარმოადგენს.
საერთოდ, ხატვის პროცესი უნივერსალური აქტია. იგი მოიცავს ადამიანური ყოფიერების, გონებრივ-ემოციურ და ნებელობით ასპექტებს. რაც ფრიად აუცილებელია სრულყოფილი ადამიანის ჩამოსაყალიბებლად. სახვითი ხელოვნება ადამიანის აღზრდის, მისი პიროვნული თვითშემეცნების, მის მიერ სამყაროს ქმედითი შემეცნების შესანიშნავი საშუალებაა. აქედან გამომდინარე, „ქართული სასწავლებელი“ სასწავლო პროცესში სამხატვრო ხელოვნების ორგანულ ჩართვას აუცილებელ მომენტად მიიჩნევს.
სამხატვრო სექტორის პროგრამის ამოსავალი პრინციპი თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და მონაცემების გამომჟღავნება გახლავთ, რათა მათ სრულად, დაუბრკოლებრივ შეძლონ საკუთარი შინაგანი განცდის, სუბიექტური შთაბეჭდილებების გულწრფელად გამოხატვა.
სამხატვრო სექტორში სწავლება სამ საფეხურად მიმდინარეობს:
სწავლების I საფეხურზე სამხატვრო სექტორის სასწავლო პროგრამები შინაარსობრივად ერთიანია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სასწავლო პროგრამებთან და მათ რამდენიმე ფუნქცია აკისრია:
- მშობლიური ენის წერითი კულტურის დაუფლებამდე მოსწავლეები მასწავლებლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ამა თუ იმ მოვლენის შესახებ აფიქსირებენ ხატვის მეშვეობით. მათ მიერ შესრულებული ნახატის ახსნა-განმარტებისას ვითარდება მათი აზროვნება, მეტყველება და იგი თავისუფალი ხდება, რადგან ისინი შესრულებული სამუშაოს უშუალო შემოქმედნი არიან.
- ბავშვი თავის ყოველდღიურ განცდასა და შთაბეჭდილებას თავიდან მხოლოდ ჩანახატების, ხოლო შემდეგ ჩანაწერისა და ჩანახატების სახით გადმოცემს დღიურში. ნახატისა და ნაწერის ჰარმონიული შეთავსება ბავშვის აზროვნების, მისი ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარის გამოვლენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
- ბავშვის მიერ სამყაროსმცოდნეობის პროგრამის ცოდნა ფიქსირდება ხატვისა და წერის მეშვეობით. ხელოვნება, როგორც ადამიანის სულიერი მოღვაწეობის სფერო, ბავშვებისათვის სამყაროს წვდომისა და ამ სამყაროში საკუთარი ადგილის პოვნის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
ნახატებში ვლინდება ბავშვის ცოდნა მთელი სამყაროს შესახებ და მისი დამოკიდებულება ამ სამყაროსადმი.
ხატვის გაკვეთილებზე მოსწავლეები უსმენენ სამუსიკო ხელოვნების ნიმუშებს. შემდგომ კი ნახატის საშუალებით გადმოსცემენ მოსმენილსა და გაგონილს. ხელოვნების ამ ორი სფეროს ჰარმონიული შერწყმა ხელს შეუწყობს ბავშვში არსებული შემოქმედებითი იმპულსის, გემოვნებისა და ფანტაზიის განვითარებას.
ხატვის გაკვეთილებზე მოსწავლეები ეცნობიან სახვითი ხელოვნების გამომსახველობით საშუალებებს. იხვეწება მათი სამხატვრო ტექნიკა. დიდი ყურადღება ექცევა შრომის გარკვეული ჩვევების გამომუშავებას, მოსწავლემ უნდა შესძლოს ნახატის შესაქმნელად განკუთვნილი დროის სწორად გამოყენება: ფერთა მიღება, კომპოზიციის დამუშავება, ჩარჩოების მომზადება, სახატავ დაფაზე ქაღალდის გადაკვრა და სხვა.
სწავლების II საფეხურზე სამხატვრო სკოლის ფუნქცია ორად იყოფა: ერთი მხრივ, სამხატვრო სექტორი კვლავ ემსახურება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის II და III საფეხურებზე ხელოვნების ისტორიისა და ხელოვნებათმცოდნეობის სწავლებას, ხოლო, მეორე მხრივ, ბავშვები, რომელთაც აღმოაჩნდებათ განსაკუთრებული ნიჭი და მიდრეკილება სამხატვრო ხელოვნებისადმი, სწავლების II და III საფეხურზე პროფესიული თვალსაზრისით შექმნილი სპეციფიკური პროგრამების მეშვეობით აგრძელებენ სწავლას და, ფაქტობრივად, პროფესიონალ მხატვრებად ყალიბდებიან.
სამხატვრო სექტორი ეყრდნობა “ქართული სასწავლებლის“ სამეცნიერო ცენტრში შემუშავებულ პროგრამებს.
გარდა ძირითადი პედაგოგებისა, საჭიროებისამებრ, მოწვეულნი იქნებიან სპეციალისტები ხელშეკრულების საფუძველზე.