სიახლეები
"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა
22 August, 2022 by Georgian School
2022 ფისკალურ წელს იაპონიის საგარეო საქმეთა...
სიახლეების არქივი
კალენდარი
ქართული სასწავლებელი და თეატრი
თეატრალური ხელოვნების რაობა სახეობრივი ენის ცოდნას გულისხმობს. ეს ენა სხვადასხვაგვარი ცნებებით გამოხატავს თავის სათქმელსა და არსს. თეატრალურ ნაწარმოებთან შეხვედრა ბავშვს უვითარებს დამოუკიდებელი აზროვნებისა და წარმოსახვის უნარს, გამოუმუშავებს ამა თუ იმ მოვლენისადმი საკუთარ დამოკიდებულებას, ამგვარი თვისებების გარეშე კი არ არსებობს ჰარმონიული პიროვნება.
ჩვენი მიზანია, ბავშვში არსებული სამყაროს აღქმის შემოქმედებითი იმპულსი არ დაიკარგოს და იქცეს აზროვნების ფორმად. ამიტომ თეატრალური ხელოვნების სწავლება სასწავლებელში ადრეული ასაკიდან იწყება, როდესაც ბავშვს აქვს თამაშის მოთხოვნილება.
სწავლების პირველ საფეხურზე ბავშვი ეუფლება თეატრალური ხელოვნების ანბანს სახვითი ხელოვნებისა და შრომის გაკვეთილებზე. ამ გაკვეთილებზე ისინი თავად ქმნიან იმ აქსესუარებს, რაც საჭიროა მარტივი თეატრალური წარმოდგენის შესაქმნელად. ამდენად, ბავშვი თამაშით უკავშირდება შრომით საქმიანობას. სწავლების მეორე საფეხურზე თეატრალურ ხელოვნებაში ამგვარად გაწაფული მოსწავლეებისათვის გაცილებით საინტერესო ხდება დრამატურგიისა და თეატრის ისტორიის შესწავლა, რომელიც თან სდევს კაცობრიობის განვითარების ისტორიის კურსს. მოსწავლეებს, რომლებიც გარკვეულ მონდომებას და ნიჭს გამოამჟღავნებენ, საშუალება ექნებათ გაერთიანდნენ დრამატულ წრეში, დადგან სპექტაკლები.
სპექტაკლის, როგორც სინთეზური ხელოვნების, თემატიკას განაპირობებს ზოგადსაგანმანათებლო სკოლის სასწავლო პროგრამა, რომლის პრაქტიკულ განხორციელებასაც ხელს უწყობს სამუსიკო, სამხატვრო, სასპორტო სექტორები. დადგმებს ხელმძღვანელობს რეჟისორი ბავშვებთან ერთად. შემდგომ კი ბავშვი ხელმძღვანელობს რეჟისორთან ერთად. გვინდა აღვნიშნოთ, რომ თეატრალური წარმოდგენები გამოყენებული იქნება უცხო ენათა შესასწავლად. თეატრი, როგორც მხატვრულ-რეალური აზროვნების სამყარო, დიდ გასაქანს იძლევა იმისათვის, რომ ბავშვებმა ესთეტიური სიამოვნების მიღებასთან ერთად პრაქტიკული ნაბიჯები გადადგან გერმანული, ინგლისური, რუსული, იაპონური , ჩეხური ენების დასაუფლებლად.